სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი დაწესებულება, მიზნად ისახავს კვლევითი კომპონენტის ინტეგრირებას საუნივერსიტეტო სივრცეში. აქედან გამომდინარე, ინსტიტუტის კვლევით პროექტებში აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩართულნი არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები.

ფილოსოფიის ინსტიტუტი ახორციელებს კვლევით პროექტებს შემდეგი მიმართულებებით:

  • პრაქტიკული ფილოსოფია (ეთიკა), სამართლისა და მორალის ფილოსოფია (პოლიტიკური ფილოსოფია, ადამიანის უფლებები), თანამედროვე სოციალური თეორიები;
  • თანამედროვე ფილოსოფია (ენა, მეტაფიზიკა, პოსტმოდერნული თეორიები);
  • რელიგიური დისკურსის კვლევა (თეოლოგიური და რელიგიურ ცნობიერებასთან დაკავშირებული ტექსტების თარგმნა, გამოცემა, ანალიზი).

კვლევით კომპონენტთან ერთად ინსტიტუტის მუშაობა მოიცავს საჯარო ლექციების, სამეცნიერო კონფერენციების, საზაფხულო სკოლების ორგანიზებას ქართველი და უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით; ასევე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის განვითარების მიმართულებით.

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ისტორია იწყება 1944 წლის ივნისიდან, როცა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შემადგენლობაში დაარსდა ფილოსოფიის განყოფილება. ორ წელიწადში კი, 1946 წელს, შეიქმნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი (დირექტორი – პეტრე შარია). ინსტიტუტი შედეგებოდა შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან: განყოფილებები, ასპირანტურა, სამეცნიერო საბჭო, ბიბლიოთეკა.

სხვადასხვა პერიოდში ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ: პეტრე შარია, შალვა ნუცუბიძე, სერგი დანელია, კოტე ბაქრაძე, ლევან გოკიელი, ალექსანდრე თავაძე, ალექსანდრე ქუთელია, თინათინ ჯავახიშვილი, სავლე წერეთელი, ნიკო ჭავჭავაძე, ზურაბ კაკაბაძე, გივი მარგველაშვილი, მერაბ მამარდაშვილი და სხვ.

2011 წლიდან სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.