საერთაშორისო ვორკშოპი „არისტოტელიზმი დასავლეთ საქრისტიანოში“

2022 წლის 1 და 2 სექტემბერს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტში ჩატარდა საერთაშორისო ვორკშოპი “არისტოტელიზმი დასავლეთ საქრისტიანოში”. ვორკშოპი იყო პროექტ „არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“-ის ნაწილი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის („რელიგიისა და მეცნიერების ახალი ჰორიზონტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“) ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის განმავლობაში მომზადდა არისტოტელეს ლოგიკური ნაშრომის „პერი ჰერმენეიას“ მე-18 საუკუნის დროინდელი ქართულენოვანი თარგმანისა და კომენტარების კრიტიკული ედიცია, ჩატარდა არისტოტელური ტრადიციის შედარებითი კვლევა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოს მაგალითზე. პროექტის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი დოქტ. თამარ ცოფურაშვილი. ვორკშოპის მოწვეული მომხსენებლები იყვნენ: პროფ., დოქტ. ტიციანა სუარეს-ნანი (ფრაიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია), პროფ., დოქტ. გიგა ზედანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), დოქტ. თამარ ხუბულავა (ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გერმანია). ვორკშოპზე მიმდინარე კვლევის შედეგებზე მოხსენებები წაიკითხეს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევრებმა: ლუკა კუჭუხიძემ, თორნიკე გოგინაშვილმა და ანა ლომაძემ.

 

 

Facebook