27 მარტს გაიმართა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო კოლოკვიუმი, რომელზეც ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით ჩამოსულმა სლოვაკეთის რუზომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იან ჰრკუთმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „What is holiness in Gaudete et exsultate? (philosophical approach)“. „Gaudete et exsultate“ პაპი ფრანცისის 2018 წლის 9 აპრილს გამოქვეყნებული სამოციქულო წერილია, რომლის შესავალშიც ის უარს ამბობს განმარტოს სიწმინდე. მომხსენებელმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ, მიუხედავად ამ მტკიცებისა, წერილი მაინც შეიცავს სიწმინდის განმარტების გარკვეულ სტრატეგიას. მოხსენების თეზისი გულისხმობდა, რომ თუ ამ სტრატეგიას ფილოსოფიურ კონტექსტში განვიხილავთ, ის ვიტგენშტაინის ე. წ. ოჯახური მსგავსების თეორიას მიესადაგება. მომხსენებლის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ, მართალია პაპი ფრანცისი განზრახ არ იყენებდა ვიტგენშტაინის თეორიას, აღნიშნული წერილის წაკითხვა ამ ფილოსოფიური მიდგომის მეშვეობით საინტერესო და მნიშვნელოვან შედეგებამდე მიგვიყვანდა.