სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტმა მეორედ გაიმარჯვა ოქსფორდის უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტმა მეორედ გაიმარჯვა ოქსფორდის უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსში „მეცნიერებისა და რელიგიის ახალი ჰორიზონტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ (”New Horizons for Science and Religion in Central and Eastern Europe”) და მოიპოვა ჯონ ტემპლტონის ფონდის ორწლიანი (2023-2025) დაფინანსება.

კონკურსში გამარჯვებული პროექტი „არისტოტელეს ‘კატეგორიები’ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“ მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, არისტოტელეს „კატეგორიებზე“ კათალიკოს ანტონ I-ისეული კომენტარის კრიტიკული გამოცემის მომზადებას, მეორე მხრივ, მის ფილოსოფიურ შესწავლას არისტოტელეს ამავე ტექსტზე არსებულ ლათინურენოვან კომენტარებთან შედარების გზით, ლათინი ავტორების მიერ დამუშავებული ფილოსოფიურ-თეოლოგიური თეორიების სავარაუდო გავლენების ნათელსაყოფად. პროექტით გათვალისწინებულია არისტოტელეს „კატეგორიების“ ანტონისეული კომენტარის ინგლისურად თარგმნაც.

პროექტის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დოქტ. თამარ ცოფურაშვილი. პროექტში ჩართულები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, დოქტ. თამარ ხუბულავა და დოქტორანტები: ანა ლომაძე, ლუკა კუჭუხიძე, თორნიკე გოგინაშვილი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსი „მეცნიერებისა და რელიგიის ახალი ჰორიზონტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ ემსახურებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 24 ქვეყნიდან საერთაშორისო სამეცნიერო ღირებულების კვლევების გამოვლენასა და სტიმულირებას.

Facebook