ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, 2012 წლის 30 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია „სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება.“
კონფერენციის მიზანი იყო პრაქტიკული ფილოსოფიის სამი ძირითადი კონცეპტის- სამართლიანობის, ზნეობრიობის, თავისუფლების – თემატიზაცია ანტიკურობიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით. კონფერენციას საპატიო სტუმრის და მომხსენებლის რანგში ესწრებოდა ბონის უნივერსიტეტის პროფესორი თეო კობუში.
კონფერენციის ფარგლებში მოხსენებები წარმოადგინეს ილია სსახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა:
პროფესორმა გურამ თევზაძემ წაიკითხა მოხსენება „კანტის მესამე ანტინომიის ასპექტით წარმოდგენილი 19-ე საუკუნის ფილოსოფია“, სადაც განიხილა 19-ე საუკუნის ფილოსოფია როგორც კანტის მემკვიდრეობა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გამოიცემა პროფ. გურამ თევზაძის წიგნი, სადაც მოხსენებაში წარმოდგენილი საკითხები დაწვრილებით და სიღრმისეულადაა განხილული.
პროფესორი გიგა ზედანია თავის მოხსენებაში ”ფუკო დაკანტი. ერთი შეხვედრის ისტორია” შეეხო საკითხს იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება განხილული იქნას ფუკოკანტის ფილოსოფიურ მემკვიდრედ. ამ კონტექსტში მან განიხილა ფუკოს ნაშრომები ქრონოლოგიურად. ასევე შეეხო ისეთ საკითხებს ფუკოს ფილოსოფიაში, როგორიცაა კანტის დეონტოლოგიზაცია, აზროვნების ფორმის დადგენა, წესრიგის შემოტანა ტრანსცენდენტალურისუბიექტის ნაცვლად, ადამიანის განხილვა სუბიექტად და ობიექტად, საკუთარი ცოდნის სუბიექტის კონსტრუირება, თავისუფლების ადგილი, ჭეშმარიტების ანალიტიკა.
http://www.youtube.com/watch?v=Brmaq9gpBV0
პროფესორმა სერგო რატიანმა წაიკითხა მოხსენება „მოჩვენება და თავისუფლება“, სადაც იგი შეეხო ადამიანის თავისუფლების საკითხს ექსისტენციალიზმისა და ჰაიდეგერისეული ფუნდამენტური ონტოლოგიის პერსპექტივიდან.
ასოცირებული პროფესორის თამარ ცოფურაშვილის მოხსენებაში „ზნეობრიობისგან თავისუფალი სამართლის შესაძლებლობა? ფიხტეს კონცეფცია ბუნებითი სამართლის შესახებ“ წარმოდგენილი იყო ფიხტეს პოზიცია სამართლის თეორიულად, კერძოდ კი ტრანსცენდენტალური დედუქციის გზით დაფუძნების შესახებ. ფიხტესთვის სამართლის ცნება და ძირითადი სამართლის კანონი (Rechtsgesetzt) ტრანსცენტალურად დედუცირებადია. განხილული იქნა ფიხტესეული ტრანსცენდენტალურიდედუქიციის საფეხურები საპირისპიროდ კანტისეული პოზიციისა, რომელთანაც სამართალი მორალიდანაა დედუცირებული.
ასისტენტ პროფესორმა ნინო როდონაიამ თავის მოხსენებაში„იყო თავისუფალი, იაზროვნო თავისუფლად, იმოქმედო თავისუფლად“ საკითხი ადამიანის თავისუფლების შესახებ ორი მიმართულებით წარმოადგინა: პირველი, რომ ადამიანური თავისუფლება უნდა უკავშირდებოდეს ადამიანის აზროვნებასა და ქმედებას და მეორე, თუ რას ნიშნავს იაზროვნო და იმოქმედო თავისუფლად. ამ კონტექსტში მან განიხილა კანტისა და შელინგის შეხედულებები. კანტთან ერთის მხრივ, ადამიანის ქმედებების სფერო განისაზღვრება თავისუფლებით, კატეგორიული იმპერატივი ადამიანის ავტონომიას და თვითკანონმდებლობას ეფუძნება; ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანი თავისი ყოველი კონკრეტული ქმედებით მონაწილეობს საყოველთაო კანონში. შელინგიკი ადამიანურ თავისუფლებას უწოდებს სიკეთესა და ბოროტებას შორის ადამიანის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. მომხსენებელმა განიხილა, თუ როგორ ესმის შელინგს ადამიანის რეალური თავისუფლება მისი აზროვნებითა და მოქმედებით.
პროფესორი მამუკა ბერიაშვილი თავის მოხსენებაში „სოკრატე ანტიკურობის განმანათლებელი. სამართლიანობა და ღვთისმოსაობა ჭეშმარიტი ფილოსოფოსობის ანუ ცხოვრების საფუძველი“ შეეხო სოკრატეს ფილოსოფიის მნიშვნელობას არა მხოლოდ ანტიკური სამყაროს, არამედ თანამედროვე სამყაროსთვისაც. ამ თვალსაზრისით მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სოკრატული ნააზრევის ისეთ ასპექტებზე, რომლებიც სამართლიანობისა და ღვთისმოსაობისცნებების თემატიზირებას ახდენენ.
ასოცირებულმა პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა თავის მოხსენებაში “ანტიგონე და სამოქალაქო საზოგადოება” ისაუბრა ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა: პიროვნების მიერ სიმართლის გააზრების მოვალეობა და ამ სიმართლის თავისუფლად გამოთქმის ფორუმი, დაპირისპირება პოლისის პოლიტიკური ნებისა და სიმართლის პიროვნულ ხედვას შორის; ხედვის აბსოლუტური წერტილის შესაძლებლობაზე პიროვნებაში, რომელშიც ეს პიროვნების იბადება.
ასისტენტ პროფესორმა მაკა ლაშხიამ მოხსენებაში „სამართლიანობის არსი პლატონისადა არისტოტელეს ფილოსოფიაში“ წარმოადგინა ერთისმხრივ, პლატონის მოსაზრებები ადამიანის ზნეობრივი ბუნების და სახელმწიფოს, როგორც ზნეობრივი ორგანიზმის შესახებ: სამართლიანობა, როგორც ერთ-ერთი უმაღლესი სათნოება, რომელიც ხორციელდება მაშინ, როდესაც სახელმწიფოს თითოეული წევრი საკუთარი მიდრეკილებების შესაბამისად მოქმედებს.მეორეს მხრივ, განხილული იყო სამართალი არისტოტელეს ფილოსოფიაში. მოხსენების ფარგლებში თემატიზირებული იქნა სამართლის ორი სახის გაგება ანტიკურობაში: პირველი კანონების შესაბამისობაში მდგომარეობს და ამ შემთხვევაში ადამიანი სამართლიანია მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, მეორე ითვალისწინებს სახელმწიფოში მშვიდობასა და ჭეშმარიტ სამართლიანობას ანუ სამართლიანობა უნდა იყოს თანასწორობა სხვასთან (ადამიანთან) მიმართება.
რომელმაც კონფერენციის დასასრულს წაიკითხა მოხსენება „ნება როგორც თავისუფლების პრინციპი“.
http://www.youtube.com/watch?v=ErSwDfFKQ2Y