ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, თანამედროვეობის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა გერმანელმა ფილოსოფოსმა და ლიტერატურათმცოდნემ, რიუდიგერ საფრანსკიმ, 2 ოქტომბერს, ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მოწვევით, წაიკითხა საჯარო მოხსენება თემაზე „ბოროტება ანუ თავისუფლების დრამა“. აკადემიურ სივრცესა და ფართო აუდიტორიას პროფესორი საფრანსკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ წარუდგინა.
პროფესორმა ქართველ აუდიტორიასთან ბოროტებისა და თავისუფლების ცნებებზე ისაუბრა. მოხსენებაში ბოროტების ცნების საწყისი მიკვლეული იყო ბიბლიურ მითებში; წარმოდგენილი იყო ბოროტებისადმი თეოლოგიური, ფილოსოფიური და ესთეტიკური მიდგომის მთავარი ასპექტები, ასევე – ის, თუ როგორ მოხდა ბოროტების პირვანდელი კონცეფციის დაბინძურება ბოროტის პერსონიფიცირებით და ადამიანის თავისუფლების მოსპობა ეშმაკის რწმენით. ბოროტების შესახებ საკითხის ფილოსოფიურად დასმა პროფესორმა საფრანსკიმ ადამიანის ბუნების შესახებ საკითხს დაუკავშირა. პროფესორმა გამოკვეთა მოსაზრება, რომ ბოროტება თავისუფლების საფასურია, თავისუფლება კი, თავის მხრივ, წარმოადგენს ბოროტების რისკს, მაგრამ არა საფუძველს, ამიტომ ბოროტება უნდა გავიგოთ, როგორც ადამიანური თავისუფლების დრამა.
პროფესორი შეეხო იმ ისტორიულ ხდომილებასაც, რომელიც ბოროტებასთან კონფრონტაციად წარმოგვიდგება ნაციონალ-სოციალისტების მიერ წარმართული განადგურების პოლიტიკის სახით.
პროფესორმა საფრანსკიმ მოხსენების ბოლოს აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრის დასასრულს რიუდიგერ საფრანსკის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ტიტული მიენიჭა.
გალერეა: