15 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარმა, დოქტორმა თორნიკე გოგინაშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „თომა აქვინელი სამომავლო ხდომილებების შესახებ“.
მოხსენება ეძღვნებოდა არისტოტელეს ტექსტის, „განმარტებისათვის“ (“De Interpretatione”), IX თავის თომა აქვინელისეულ ინტერპრეტაციას. დოქტორმა გოგონაშვილმა გაანალიზა, თუ როგორ ჭრის აქვინელი სამომავლო ხდომილებათა ლოგიკურ დილემას; კერძოდ, როგორ უთანხმებს ერთმანეთს ლოგიკური ჭეშმარიტების საყოველთაოობას, სამყაროს მიზეზობრივ სტრუქტურასა და ადამიანის თავისუფალ ნებას (liberum arbitrium).
სემინარზე ყურადღება ასევე გამახვილდა საკითხის აქვინელისეულ თეოლოგიურ განზომილებაზე: ღვთაებრივი ყოვლისმცოდნეობისა (divina omniscientia) და წინასწარგანსაზღვრულობის თავსებადობაზე თავისუფლებასა და სამყაროში არსებულ შემთხვევითობებთან.



