ფილოსოფიური სემინარი: ირაკლი დეკანოზიშვილის მოხსენება „აღიარება და სოციალური ონტოლოგია: კოლექტიური და პერსონალური იდენტობის ფორმირების ნორმატიული თეორია“

21 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ დარბაზში, ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასოცირებულმა მკვლევარმა, ირაკლი დეკანოზიშვილმა წაიკითხა მოხსენება „აღიარება და სოციალური ონტოლოგია: კოლექტიური და პერსონალური იდენტობის ფორმირების ნორმატიული თეორია“. მომხსენებელმა განიხილა ჩვენი სოციალური რეალობა, რომელიც ბუნებრივი სამყაროსგან განსხვავებით, ადამიანთა კოლექტიური შეთანხმებებითა და ინტერსუბიექტური ნორმებით ყალიბდება. სწორედ ეს ისტორიულად შექმნილი აღიარების ურთიერთობები ხდის შესაძლებელს პიროვნებების, ინსტიტუტებისა და საზიარო სოციალური ცხოვრების არსებობას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვაობაზე ინდივიდისა და კოლექტიური სტრუქტურების ჩამოყალიბებას შორის. თუ ჰეგელიანური ტრადიცია აღიარების როლს ცალკეული სუბიექტის ფორმირებაში ხედავს, სოციალური ონტოლოგიის ანალიტიკური მიმართულება კოლექტიური იდენტობისა და ინსტიტუტების პრინციპებით ინტერესდება. ირაკლი დეკანოზიშვილის ცენტრალური თეზისით, ურთიერთაღიარება სოციალური რეალობის ფუნდამენტური, მაკონსტიტუირებელი პირობაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები აწესრიგებენ სოციალურ ინტერაქციას. შესაბამისად, აღიარება წარმოჩნდა არა მხოლოდ როგორც ეთიკური დამოკიდებულება, არამედ როგორც სოციალური ონტოლოგიის საფუძველმდებარე პრინციპი.

Facebook