ყოველკვირეული ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში, 26 მარტს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარმა, გიორგი ხეოშვილმა, წაიკითხა მოხსენება: „რუსულ რელიგიურ მოდერნიზმში შემუშავებული სქესის თეორიათა ზოგიერთი იდეის რეცეფცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“.
ღონისძიების ფარგლებში მიმოიხილეს გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებითი გზის მნიშვნელოვანი ასპექტები. მწერალი XX საუკუნის პირველი ათწლეულების ქართულ კულტურაში მოდერნისტული კულტურის მხატვრულ-ფილოსოფიური იდეების უმთავრესი მქადაგებელი იყო. იგი მიზანმიმართულად ცდილობდა ევროპაში გაფორმებული ამ ახალი მიმდინარეობის დანერგვას ქართული საზოგადოების მხატვრულ ცნობიერებაში.
მომხსენებელმა ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც მოდერნისტული ხელოვნებისა და ლიტერატურის იდეებს გრ. რობაქიძე ჯერ კიდევ 1902-1908 წლებში, გერმანიაში სწავლის დროს ეზიარა. მოგვიანებით მან პირადად გაიცნო რუსი სიმბოლისტები და საფუძვლიანად შეისწავლა მათი შემოქმედება.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში სწორედ გრ. რობაქიძე იყო პირველი, ვინც ვ. როზანოვისა და ნ. ბერდიაევის შემოქმედებაზე დაიწყო საუბარი.
შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ აისახა როზანოვისა და ბერდიაევის იდეები რობაქიძისეულ „სქესის საიდუმლოსა“ და ყოფიერების მითოლოგიურ „თაურსაფუძვლებზე“.


