ფილოსოფიური სემინარი: ელენე ლადარიას მოხსენება „ჭეშმარიტების თეორია ამერიკულ პრაგმატიზმსა და ადრეულ საბჭოთა აზრში: ევროპისგან ეპისტემოლოგიური დეკოლონიზაციის ორი პარალელური პროექტი“

4 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის სემინარზე, ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა, ელენე ლადარიამ, წაიკითხა მოხსენება „ჭეშმარიტების თეორია ამერიკულ პრაგმატიზმსა და ადრეულ საბჭოთა აზრში: ევროპისგან ეპისტემოლოგიური დეკოლონიზაციის ორი პარალელური პროექტი“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირში 40-იან წლებში ყალიბდება და მომდევნო ათწლეულებში მყარდება აზრი, რომ პრაგმატიზმი მტრული იდეოლოგიის გამომხატველი, კერძოდ კი „კაპიტალიზმის იმპერიალისტური ფაზის ანგლო-ამერიკული ბურჟუაზიული ფილოსოფიაა“. ცხადია, პრაგმატიზმთან საბჭოელების დამოკიდებულება კრიტიკულობას მოკლებული არც 20-იან და 30-იან წლებში ყოფილა, თუმცა ამ პერიოდში კრიტიკა ნაკლებად სწორხაზოვნად გამოიხატებოდა.
სემინარზე წარმოდგენილი იყო კვლევითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადრეული საბჭოთა ტექსტების და მათში პრაგმატიზმთან გადაკვეთების ანალიზით აღადგინოს ის თეორიული დაძაბულობები, რომლებიც ორ პოზიციას შორის განსხვავების ნაცვლად, მათ შორის არსებული საშიში სიახლოვითაა გამოწვეული. კლასიკურ ამერიკულ პრაგმატიზმსა და ადრეულ საბჭოთა ფილოსოფიურ თუ სამეცნიერო აზრს შორის ეს სიახლოვე ვლინდება არა მხოლოდ თეორიულ დონეზე (ჭეშმარიტების თეორია, მეტაფიზიკის უარყოფა), არამედ იმაშიც, რომ ორივე მათგანი განმსჭვალულია, ერთი მხრივ, გეოგრაფიული და ისტორიული თვითრეპრეზენტირების წესით და, მეორე მხრივ, მომავალთან დაკავშირებული პოლიტიკური პროექტებით (დემოკრატია და კომუნიზმი). მოხსენებაში ნაჩვენები იყო, რომ ორივე მხარე ცდილობს დაფუძნდეს როგორც ევროპისგან მოწყვეტისა და ეპისტემოლოგიური კოლონიურობის დაძლევის შედეგი.
Facebook