ფილოსოფიური სემინარი: ანა ლომაძეის მოხსენება: „რა არის გონების აქტი: ობიექტის შემეცნება თუ მასთან თანყოფნა? დუნს სკოტი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ“.

2 აპრილს, ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში, რომელიც ხუთშაბათობით იმართება, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარმა ანა ლომაძემ წაიკითხა მოხსენება: „რა არის გონების აქტი: ობიექტის შემეცნება თუ მასთან თანყოფნა? დუნს სკოტი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ“.
მოხსენება ეხებოდა შუა საუკუნეების ფილოსოფოსისა და თეოლოგის, დუნს სკოტის ხედვას, რომლის მიხედვითაც გონების უმაღლეს გამოვლინებას ინტუიციური აქტი წარმოადგენს. ამ პროცესში გონება ობიექტს აღიქვამს არა რაიმე შუამავალი ხატის, ფორმა-სახის (species intelligibilis) მეშვეობით, არამედ მასთან პირდაპირ და უშუალო კავშირს ამყარებს. დუნს სკოტისთვის ეს აქტი მხოლოდ ცოდნის დაგროვება კი არა, ყოფიერების განსაკუთრებული მოდუსია, რაც ობიექტთან უშუალო მიმართებას, მასთან ერთად ყოფნას გულისხმობს.
მიუხედავად ამისა, ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ ამქვეყნად ადამიანის გონება ასეთ პირდაპირ მიმართებას მხოლოდ საკუთარ აზრებთან და სურვილებთან ამყარებს. კონკრეტული არსებები (მაგალითად, სოკრატე, ბუცეფალი თუ ნებისმიერი სხვა ინდივიდუალური ყოფიერი) ადამიანისთვის მიუწვდომელი რჩება; ჩვენი გონება ვერ ახერხებს მათთან უშუალო თანყოფნას. ასეთ დროს ცოდნის შექმნა მხოლოდ ერთგვარი „მეორადი გამოსავალია“, სადაც გონება იძულებულია დაკმაყოფილდეს საგნის ზოგადი, უნივერსალური მახასიათებლების შემეცნებით, მაშინ როცა თავად საგნის უნიკალური არსი, მისი „ესარსი“ (haecceitas), კვლავ ამოუცნობი რჩება. საბოლოოდ, დუნს სკოტის მოძღვრებაში იკვეთება, რომ ის უშუალო კავშირი სამყაროსთან, რომელსაც ადამიანური გონება ვერ ახორციელებს, ნებელობის აქტებში მოიცემა.
 
Facebook