„ფილოსოფია და ლოგიკა“

2015 წლის 13 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის  ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია – „ფილოსოფია და ლოგიკა“.
კონფერენცია მიეძღვნა ლერი მჭედლიშვილისა და მიხეილ ბეჟანიშვილის ხსოვნას.
კონფერენცია გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგა ზედანიამ. მან ისაუბრა ისტორიულ კონტექსტზე, იმ პერიოდზე, როდესაც მიხეილ ბეჟანიშვილი და ლერი მჭედლიშვილი ასწავლიდნენ.
თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით გაბელაიამ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „მიხეილ ბეჟანიშვილი ცოდნის მოდალობის შესახებ“. მან მიმოიხილა ეპისტემური ლოგიკის ისტორიული კონტექსტი და ისაუბრა მიხეილ ბეჟანიშვილის წვლილზე ეპისტემოლოგიაში; მის მიერ ნაწილობრივ შესაძლო სამყაროს იდეის შემოტანით ლოგიკური ყოვლისმცოდნეობის სირთულის მოხსნაზე.
ნუგზარ ივანიშვილმა, გაიოზ ასანიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლელა გაფრინდაშვილმა ისაუბრეს მჭედლიშვილისა და ბეჟანიშვილის ბიოგრაფიაზე, მათი მოღვაწეობის ისტორიულ კონტექსტზე და სირთულეებზე, რაც ლოგიკის დარგს ხვდებოდა იმ პერიოდში. ასევე, მიმოიხილეს მათი ნაშრომები.
თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორმა ბაკურ გურგენიძემ წარმოადგინა მოხსენება: „მსოფლმხედველობის წინალოგიკური საფუძველი შ. ნუცუბიძის მიხედვით“. მან ისაუბრა ნუცუბიძის მცდელობაზე მოეხსნა ტრანსცენდენტალიზმი პრელოგიკურის შემოტანით; ვრცლად განიხილა შემეცნებაში პრელოგიკურის მნიშვნელობა და სუბიექტისგან გათავისუფლების იდეები. ასევე ნაჩვენები იყო კავშირები პრელოგიკურსა და დერადასეულ différance-ს შორის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ ცოფურაშვილმა წარმოადგინა მოხსენება შემდეგ საკითხზე: „ფილოსოფია და ლოგიკა: verbum თეორია და modisignificandi-ს შესახებ მოძღვრება სქოლასტიკის ეპოქაში“. განხილული იყო არისტოტელეს სულის შთაბეჭდილებების განვითარება შინაგან სიტყვად თომა აქვინელთან; modi significandi ბოეთიუსთან და მისი მნიშვნელობა სპეკულატიურ გრამატიკაში; სიტყვებს შორის მიმართებაზე ყურადღების მიქცევის გათვალისწინება თეოლოგიური ტექსტების კითხვისას. მომხსენებელმა ასევე იმსჯელა იმის შესახებ, რომ ლოგიკური პრინციპები ყველა მეცნიერებაზე ვრცელდება და ლოგიკის გამორიცხვა შეუძლებელია თეოლოგიის გაგებიდან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა წარმოადგინა მოხსენება: „ბოეთიუსის „ფილოსოფიის ნუგეშის“ შესაძლო გავლენა კანტის კოპერნიკულ რევოლუციაზე“. მან ისაუბრა ღმერთის ყოვლისმცოდნეობასა და თავისუფლებას შორის დაძაბულობაზე; კანტისა და ბოეთიუსის მსგავსება ემპირიზმთან დაპირისპირებაში და შემეცნებისას ჩვენში არსებულ აქტიურ ძალაზე მითითებით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ლაშხიამ წაიკითხა მოხსენება „სამართლიანობა, როგორც უმაღლესი სიკეთე და სახელმწიფოს არსებობის პირობა პლატონთან.“ მიმოიხილა პლატონის თეორია სამართლიანობის შესახებ, რომ მისი არსებობა მხოლოდ სახელმწიფოში მოიაზრება, და ამ კონცეფციის დაპირისპირება ინდივიდის თავისუფლებასთან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა წაიკითხა მოხსენება „ჯონ როულზის პოლიტიკურ ლიბერალიზმზე“. მოხსენებაში განხილული იყო სოციალური თანამშრომლობის შესაძლებლობის მნიშვნელოვნება როულზისეულ სამართლიანობის დადგენაში. სამართლიანობის კონცეფციას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაოს ახსნის პრეტენზია. როულზის სამართლიანობა მხოლოდ ბაზისური პრინციპების მოწყობას გულისხმობს, თუმცა მოქალაქეებს თავისუფლებასაც უტოვებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესრომა თამარ ცხადაძემ წარმოადგინა მოხსენება: „ქმედების დევიდ ჰიუმისეული თეორია და მისი მორალური სენტიმენტალიზმი“. ჰიუმის მიერ ვნების შემოტანა, როგორც ქმედების გამომწვევი მიზეზისა, ამ თეორიით ერთგვარი პრაქტიკული გონების კრიტიკა, რადგან მხოლოდ გონებას ვერ იქნება ქმედების მოტივი ჰიუმის თანახმად. შესაბამისად, ეთიკის საფუძვლად სურვილების წარმოდგენა.

გალერეა:

Facebook