23 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა ეტიენ ბალიბარის წიგნის – „მარქსის ფილოსოფია“ – პრეზენტაცია. სავლე წერეთელის ფილოსოფიის ინსტიტუტის „ფილოსოფიის ბიბლიოთეკის“ მეშვიდე წიგნი ფრანგულიდან ელენე ლადარიამ თარგმნა; რედაქტორი: ლუკა ნახუცრიშვილი; სერიის რედაქტორი: თამარ ცოფურაშვილი.
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარქსოლოგი, ეტიენ ბალიბარი, 1993 წელს დაწერილ ამ წიგნში სინთეტურად წარმოაჩენს არა მხოლოდ მარქსის ნააზრევის ძირითად ფილოსოფიურ საკითხებს, საიმისოდ, რომ მათ აქტუალობასაც გაუსვას ხაზი, არამედ, მარქსიზმის ისტორიის გარდა, ყველაზე უფრო გავლენიანი მარქსისტი მოაზროვნეების შესახებაც იძლევა ცნობებს. ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს წიგნის მეორე გამოცემას, რომელიც მკითხველისადმი მიმართვებისა და ახალი შესავლის გარდა გამდიდრებულია ვრცელი დანართით, რომელიც ფოირბახის შესახებ მარქსის მეექვსე თეზისის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე აჩვენებს წყვეტას, რომელიც მარქსს შეაქვს ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ტრადიციაში.