22 მაისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორმა იოჰან ტრალაუმ წაიკითხა საჯარო ლექცია “პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისები II: რატომ შეიძლება ესქილეს ორესტე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე პროტაგორა”
მომხსენებელმა განიხილა შინაგანი კრიტიკის ძიება ძველ ბერძნულ ლიტერატურაში. მომხსენებლის აღნიშვნით ზოგიერთი ძველი პოეტი, თეოგნიდე და საფო, შინაგანი კრიტიკის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენენ და ,დიდი ალბათობით, ამის თქმა შესაძლებელია ძვ. წ. V საუკუნის ფილოსოფოსისა და სოფისტის, პროტაგორას შემთხვევაშიც. პროფესორ იოჰან ტრალაუს თქმით, პროტაგორას შემთხვევაში წყაროები და ფრაგმენტები ურთიერთსაპირისპირო და გაურკვეველია. მისგან განსხვავებით, ათენელი დრამატურგის ესქილეს შემთხვევაში საქმე პირიქითაა. ძვ.წ. 458 წელს დადგმული მისი ორესტე ამის მაგალითს პირველად ამჟღავნებს ბერძნულ ლიტერატურაში, რომელშიც ერთი პერსონაჟი მეორეს მისი არგუმენტის ლოგიკურად შეუსაბამობაზე მიუთითებს. მომხსენებლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტრილოგია სავსეა სისხლით, შურისძიებით, მკვლელობით, ადამიანის შეწირვითა და უზნეობით, ამავდროულად ის არის ბრწყინვალე მომენტი ნორმატიული თეორიის ისტორიაში: პოლიტიკურ, მორალურ და სამართლებრივ გააზრების სფეროში – ისევე როგორც თეორიული ტერმინოლოგიის განვითარებაში.