ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, ქართულად ითარგმნა ბრუნო ლატურის წიგნი „არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულები“, რომელიც ამავე ინსტიტუტის სერიის – „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის“ – პირველი წიგნია. ტექსტი ფრანგულიდან თარგმნა ელენე ლადარიამ და ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ თამარ ცოფურაშვილთან, ერთად წარადგინა ფართო აუდიტორიის წინაშე. წიგნის პრეზენტაცია შედგა 2014 წლის 15 ივლისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“. პრეზენტაციაზე ისაუბრეს როგორც ავტორის, ბრუნო ლატურის, შესახებ, ასევე წიგნში მოცემულ ძირითად კონცეფციებზე, რაც გულისხმობს მოდერნულობისთვის დამახასიათებელ დუალიზმის კრიტიკას და თეორიას, რომლის თამახმადაც მეცნიერების, დაავადებების, ბიოტექნოლოგიების თუ პოლიტიკური მოვლენების განცალკევებულად განხილვა შეუძლებელია.