2017 წლის 12-14 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის, შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქალის ტრანსკულტურული რეპრეზენტაციები ლიტერატურასა და ფილოსოფიაში: ქართული და ავსტრიული დისკურსების გათვალისწინებით“.
ქალი როგორც კულტურული კონსტრუქცია, განსხვავებულადაა აღქმული და წარმოდგენილი სხვადასხვა ეპოქისა და საზოგადოების კულტურულ არტეფაქტებსა და მედიუმებში. თუმცა, განსხვავებებთან ერთად, გვხვდება ტრანსკულტურული მუდმივებიც, რომლებიც მეორდება დრო-სივრცითი კოორდინატების განურჩევლად. აღნიშნული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით შესაძლებელი გახდა ქალური დისკურსის დასავლური და აღმოსავლური თავისებურებების შედარებითი ანალიზის საფუძველზე ქალის, როგორც კონსტრუქციის ინტერკულტურული განზომილების, შესწავლა. ამ მიზნით კონფერენციაზე ყურადღების ცენტრში მოექცა ქალისა და ქალურობის რეპრეზენტაციათა ქართული და ავსტრიული მოდელები და ამ უკანასკნელთა მიმართება გლობალურ კონტექსტთან. თემატური სესიებისთვის განსაკუთრებით მისასალმებელი იყო ინტერდისციპლინური მოხსენებები შემდეგი საკითხების ირგვლივ:
ქალი კოლონიურსა და პოსტკოლონიურ კონტექსტში;
ქალის რეპრეზენტაციის ინტერკულტურული და ტრანსკულტურული ასპექტები;
ქალური დისკურსი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის;
ფემინურობა ლიტერატურასა და კულტურის სხვა მედიებში;
ფემინურობის დეკონსტრუქცია?
ღონისძიება ჩატარდა თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურისა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.