გიორგი ხეოშვილის მოხსენება „რელიგიური ანტისემიტიზმის პრობლემა XIX-XX საუკუნეების რუსულ რელიგიურ ფილოსოფიაში“

22 იანვარს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო კოლოკვიუმზე ინსტიტუტის წევრმა გიორგი ხეოშვილმა წაკითხა მოხსენება: „რელიგიური ანტისემიტიზმის პრობლემა XIX-XX სს. რუსულ რელიგიურ ფილოსოფიაში“.

მომხსენებელმა ისაუბრა ანტისემიტიზმზე, როგორც ისტორიული ქრისტიანობის წიაღში ჩამოყალიბებულ რელიგიური და ეროვნული შეუწყნარებლობის ერთ-ერთი ყველაზე საშიშ, ამასთან ფართოდ გავრცელებულ ფორმაზე. ებრაელობის პრობლემით რუსი რელიგიური მოაზროვნეების აქტიურ დაინტერესებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ფაქტმა, რომ XIX საუკუნში რუსული აზროვნება უმთავრესად ფილოსოფიის ისტორიის პრობლემებით იყო დაკავებული. რუსი ინტელექტუალების ერთი ნაწილი რუსეთის მომავალი ბედის გარკვევას ისტორიის რელიგიური ფილოსოფიის კონტექსტში ცდილობდა. ხოლო ის, ვინც ისტორიის ფილოსოფიის რელიგიურ საფუძველზე აგებას ცდილობს, გვერდს ვერ აუვლის საკითხს ღმერთის რჩეული ხალხის შესახებ, რომლის ისტორიაშიც ადგილი ჰქონდა ცენტრალურ რელიგიურ მოვლენას. გიორგი ხეოშვილის კვლევის მიზანია ყურადღების გამახვილება ებრაელთა მიმართ რელიგიურ-მსოფლმხედველობრივი შეუწყნარებლობის იმ ზოგიერთი გამოვლინების ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა XIX-XX საუკუნეების ცნობილი რუსი რელიგიური მოაზროვნეების ვლ. სოლოვიოვის, ნ. ბერდიაევის, ს. ბულგაკოვის, პ. ფლორენსკისა და ალ. ლოსევის შემოქმედებაში.

 

Facebook