მადლენ გობეილ ნოელის საჯარო ლექციები და მისი ფილმის „სიმონ დე ბოვუარისა და ჟან-პოლ სარტრის გადამკვეთი პორტრეტის“ ჩვენება

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი 18, 19 და 20 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გიწვევთ სიმონ დე ბოვუარისა და ჟან-პოლ სარტრის მეგობრის, მადლენ გობეილ ნოელის საჯარო ლექციებსა და მის მიერ ამ ლეგენდარული წყვილის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებაზე.

18 სექტემბერს გაიმართება ფილმ „სიმონ დე ბოვუარისა და ჟან-პოლ სარტრის გადამკვეთი პორტრეტის“ ჩვენება და თანმდევი დისკუსია (ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით);

19 სექტემბერს – ლექცია „სიმონ დე ბოვუარი და ფემინიზმი;

20 სექტემბერს – ლექცია „ექსისტენციალიზმი – საუბარი ჟან-პოლ სარტრთან“.

მომხსენებლის შესახებ

მადლენ გობეილ ნოელი (Madeleine Gobeil Noël), ფრანგი კანადელი, ოტავას უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურისა და ფრანგული ლიტერატურის მიმართულების პროფესორია. 27 წლის მანძილზე იგი მუშაობდა იუნესკოს ორგანიზაციაში (პარიზში), სადაც ხელოვნებისა და კულტურის განყოფილების დირექტორი გახდა.

მადლენ გობეილმა 15 წლისამ დაიწყო მიმოწერა სიმონ დე ბოვუართან, რომელსაც 1958 წელს პარიზში შეხვდა. ეს ახლო მეგობრობა მათ შორის მთელი 30 წელი, 1986 წელს ბოვუარის გარდაცვალებამდე, გაგრძელდა.

1967 წელს ჟან-პოლ სარტრი და სიმონ დე ბოვუარი, პოპულარობის ზენიტში მყოფნი, მადლენ გობელსა და კლოდ ლანცმანს რადიო-კანადისთვის ფილმში გადაღებაზე დათანხმდნენ. იმ დროისთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ცნობილი, ლეგენდად ქცეული, წყვილი ფილმისთვის ინტერვიუს დათანხმდა.

ფილმში სიმონ დე ბოვუარი აღწერს თავის ინტელექტუალურ პროექტს, რომელიც ეხება მისი მოგონებების ოთხტომეულს, ბოვუარის ცხოვრების უნიკალურ მემატიანეს იმ ეპოქისას. იგი განიხილავს 1967 წელს ქალთა მდგომარეობას, საუბრობს საკუთარ რომანებზე და ლიტერატურისადმი თავის სიყვარულზე, სიკვდილსა და სიცოცხლეზე.

ჟან-პოლ სარტრი განმარტავს მწერლის, როგორც ინტელექტუალისა და მოქალაქის, როლს. საუბრობს ნობელის ლიტერატურის პრემიაზე უარის თქმის მიზეზებზე და ცდილობს განსაზღვროს ინტელექტუალის როლი სამყაროში.

ფილმში ჩვენ დავყვებით მწერლებს პარიზის ქუჩებსა და რესტორნებში, ვხედავთ, როგორ მუშაობენ ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ,ვხვდებით სარტრის დედასა და ჟურნალის “Le Temps modernes” თანამშრომლებს.

ეს ორი ფილოსოფოსის უნიკალური და ინტიმური პორტრეტია.

დრო: 18, 19, 20 სექტემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

Facebook