სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, 2014 წლის 11-19 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ტიუბინგენის უნივერსიტეტის დოცენტი, გიორგი ქორიძე, რომელმაც ფილოსოფიის სამაგისტრო კურსის ფარგლებში წაიკითხა ინტენსიური ლექციების კურსი თემაზე: „ინტენციონალობისა და უნივერსალიების საკითხები და მათთან დაკავშირებულ დებატები.“
კურსი მიმოიხილავდა ინტენციონალობისა და უნივერსალიების თეორიის განვითარებას, ამ თემების გარშემო დებატებს შუა საუკუნეების ფილოსოფიაში და ასევე, ამ საკითხების განვითარებასა თუ შემოსვლას თანამედროვე ანალიტიკურ ფილოსოფიაში. კურსის ფარგლებში წარმოდგენილი იყო როგორც ანტიკური მოაზროვნეების იდეები ამ საკითხებზე, ასევე შუა საუკუნეებში სხვადასხვა სკოლის მიერ განვითარებული ინტერპრეტაციები ინტენციონალობის თეორიებზე და როგორ მოხდა ამ დებატების გაგრძელება თუ გადმოტანა თანამედროვე ავტორებთან. ლექციებზე განხილული იყო არისტოტელეს, ედმუნდ ჰუსერლის, თომა აქვინელის, ბრენტანოს და სხვათა თეორიები.
ვიზიტის ფარგლებში, 19 ივნისს, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი ქორიძემ, ასევე წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე – “დისკურსი შემეცნების წყაროებს შორის, ანუ ევროპის ხელახალი დაბადება მაღალი შუასაკუნეებიდან.” ლექციაზე, რომელიც გამიზნული იყო ფართო აუდიტორიისთვის, წამოჭრილი იყო ცოდნის საკითხი საზოგადოებაში; როგორ ხდებოდა დისკურსთან ერთად სივრცის განვითარება, რა ადგილი ეკავა დისკურსის განვითარებაში უნივერსიტეტს და როგორ მოხდა მისი პრინციპების გადატანა უნივერსიტეტიდან თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფო დონეზე. ასევე გავლებული იყო პარალელები, თუ როგორ ხდებოდა ცოდნის გავრცელება ევროპასა და საქართველოში.