ურთიერთმიმართება ორ ცენტრალურ თეზისს შორის უთანხმოების ეპისტემოლოგიაში – სამეცნიერო კოლოქვიუმი ილიაუნის ფილოსოფიის ინსტიტუტში

28 სექტემბერს, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა მორიგი სამეცნიერო კოლოქვიუმი, რომელზეც მოხსენებით წარდგა ტარტუს უნივერსიტეტის ფილოსოფიის მაგისტრანტი, თამაზ თოხაძე.

მოხსენების მიზანი იყო, აეხსნა ურთიერთმიმართება ორ ცენტრალურ თეზისს შორის უთანხმოების ეპისტემოლოგიაში:

უნიკალურობის თეზისი – ნებისმიერ მტკიცებულებასთან (evidence) მიმართებაში, არსებობს მხოლოდ ერთი მაქსიმალურად რაციონალური დოქსასტუტი დამოკიდებულება P-ს მიმართ (ნებისმიერი დებულების მიმართ), რომელიც ეპისტემოლოგიურ აგენტს შეიძლება ჰქონდეს.

კონსილიაციონიზმი – როდესაც ეპისტემოლოგიურ აგენტს აქვს დოქსასტური უთანხმოება ეპისტემოლოგიურ თანასწორთან, მან აუცილებლად კონსილიაციონისტური (შემრიგებლური) პოზიცია უნდა დაიჭიროს (ნებისმიერი სხვა რეაქცია ირაციონალური იქნება).

განხილვა დაიწყო თომას კელის არგუმენტის ანალიზით (2010), რომლის თანახმადაც, კონსილიაციონზმის მწყობრი დაცვა შეუძლებელია უნიკალურობის თეზისის მტკიცების გარეშე. მომხსენებელმა ახსნა, თუ რატომ არის კელის არგუმენტი დეფექტური, და შეეცადა, ეჩვენებინა, რომ კონსილიაციონზმი შეიძლება მწყობრად არტიკულირდეს სხვა თეზისის დახმარებით, რომელსაც, სტუვარტ კოენის მსგავსად (2015), დოქსასტურ უნიკალურობას უწოდებს. დოქსასტური უნიკალურობის მიხედვით, შეუძლებელია, რაციონალურად გჯეროდეს, რომ არსებობს ორი (ან მეტი) რაციონალური რწმენის ხარისხი P-სთვის გარკვეულ მტკიცებულებასთან (evidence) მიმართებაში და, ამავდროულად, რაციონალურად გჯეროდეს ერთ-ერთი მათგანის.

Facebook