ფილოსოფიური სემინარი – მერი ცუცქირიძის მოხსენება „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 28 მაისს, ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარმა, მერი ცუცქირიძემ, წაიკითხა მოხსენება სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფიის შესახებ.
სემინარზე მორალის საკითხები განხილული იყო ადამიანის რაობასთან, ნების თავისუფლებასთან და სიკეთე-ბოროტების მიმართებათა კონტექსტში.
მკვლევარმა სტრუქტურულ ჭრილში მიმოიხილა სხვადასხვა ზნეობრივი თვისების ორბელიანისეული დეფინიციები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ ონტოლოგიურ გამიჯვნაზე, რომელსაც მოაზროვნე ადამიანურ და ღვთაებრივ სიკეთეებს შორის აკეთებს. ამასთანავე, მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა უშუალოდ ადამიანური მორალური კატეგორიების იმმანენტურ შეზღუდულობაზე აბსოლუტურ სიკეთესთან მიმართებით.
მერი ცუცქირიძემ აჩვენა, რომ სულხან-საბა ამ პრობლემურ საკითხებს ანტიკური, შუა საუკუნეებისა და ნეოპლატონური ფილოსოფიის საფუძველზე პასუხობს. მოხსენების დასასრულს ხაზი გაესვა იმას, რომ ორბელიანისათვის ჭეშმარიტებაში ყოფნა საკუთარ შინაგან ბუნებაში ჩაღრმავებას ნიშნავს, რაც მისსავე მოწოდებებში ვლინდება: „იცან თავი შენი“, „განვიცადოთ კაცად-კაცადმან სჳინიდისი თვისი“ და „ვიცვალოთ ზნენიცა ჩვეულებათა ჩვენთანი“.
Facebook