4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ია გელიტაშვილმა, სავლე წერეთლის ინსტიტუტის ასისტენ-მკველვარმა, წაიკითხა მოხსენება “სახელმწიფოთა შორის ინტერვენციის მორალური დილემა თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმის პერსპექტივით”.
მოხსენების ფარგლებში მსჯელობა წარიმართა შემდეგი ძირითადი საკითხების ირგვლივ:
შესაძლებელია თუ არა ინტერვენციის გამართლება ყველა ადამიანისთვის კონტრაქტუალისტური ჩარჩოსა და „ზიანის“ პრინციპის მიხედვით?
რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ან უფრო მეტი ზიანის მიყენება?
როდის არის საზოგადოებისთვის (ან სახელმწიფოსთვის) ლეგიტიმური თავისუფლების შეზღუდვა?
მიუხედავად იმისა, რომ სუვერენიტეტი ტრადიციულად საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპად არის გაგებული, რომელიც ჩაურევლობისა და პოლიტიკური თვითგამორკვევის ნორმებს ეფუძნება, მისი ავტორიტეტი მორალურად გაურკვეველი ხდება სერიოზული ზიანის მომტან სიტუაციებში: მაგალითად, მასობრივი სისასტიკის ან ბაზისური უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დროს. აღნიშნულმა კონტექსტმა წარმოშვა ფუნდამენტური კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება იყოს ინტერვენცია გამართლებული, როდესაც ის ზიანის თავიდან აცილებას ან შემცირებას ემსახურება.
წარდგენილ პრეზენტაციაში მომხსენებელმა მიმოიხილა ორი გავლენიანი, თუმცა განსხვავებული ნორმატიული ჩარჩო: ჯონ სტიუარტ მილის „ზიანის პრინციპი“, რომელიც ინტერვენციის საშუალებას ზიანის პრევენციის საფუძველზე იძლევა, და თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმი, რომელიც ქმედებების დასაშვებობას სხვების წინაშე გამართლებისა და გონივრული უარყოფის პირობებში აფასებს.



