ფილოსოფიური სემინარი: დოქტორანტ დიმიტრი ხახიშვილის მოხსენება “მენტალური სიტყვის თეორია აბელართან – შემეცნებისა და ენის კონვენციური და არაკონვენციური ასპექტები”

ხუთშაბათს, 22 იანვარს, 5 საათზე S 800 აუდიტორიაში (უმაღლესი კვლევების ცენტრი) ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამის დოქტორანტმა, დიმიტრი ხახიშვილმა (ხელმძღვანელი პროფ. დოქტ. თამარ ცოფურაშვილი) წაიკითხა მოხსენება “მენტალური სიტყვის თეორია აბელართან – შემეცნებისა და ენის კონვენციური და არაკონვენციური ასპექტები”.
მომხსენებელმა სადოქტორო ნაშრომის აღნიშნული ნაწილი დაამუშავა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, “ერაზმუს+”-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
მოხსენება შეეხება ინტენციონალობის თეორიებს შუა საუკუნეების ფილოსოფიაში, კერძოდ აბელარის ფილოსოფიაზე დაყრდნობით განხილული იქნება ინტენციონალობის მოდელი, რომელიც გააზრებულია როგორც კონცეპტუალური სქემა.
აღნიშნული თემა ასევე მოიცავს დუალიზმის პრობლემას შემეცნების საკითხში, რაც მატერიალურობის და იმატერიალურობის ასპექტების ურთიერთმიმართების კვლევას შეეხება. საკითხის ანალიზი დაეყრდნობა აბელარის შემეცნების თეორიასა და ენის ფილოსოფიას, რომლის ფარგლებში განხილული იქნება წარმოსახვის როლი სიტყვისა და აზროვნების აქტის ურთიერთმიმართების კონტექსტში.

Facebook