ჰერბერტ მარკუზე
“ესსე განთავისუფლებაზე”
მთარგმნელი: ციალა ხინთიბიძე
სამეცნიერო რედაქტორი: თამარ ცოფურაშვილი
სერიის რედაქტორი: თამარ ცოფურაშვილი
კორექტორი: თორნიკე გოგინაშვილი
ISBN: 978-9941-18-466-6
ჰერბერტ მარკუზე გერმანელი ებრაელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი და პოლიტიკის თეორეტიკოსია, რომელიც ასოცირებული იყო ფრანკფურტის სკოლის მიერ განვითარებულ კრიტიკულ თეორიასთან. 1934 წლიდან მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისი ინტელექტუალური ინტერესის საგანია კაპიტალიზმისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიერ გამოწვეული დეჰუმანიზაციის ეფექტი.
გვიან 1960-იან და 1970-იან წლებში ის ცნობილი გახდა როგორც ახალი მემარცხენეობის იდეოლოგი, ასევე გერმანიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში სტუდენტური მოძრაობების მნიშვნელოვანი თეორეტიკოსი. მას „ახალი მემარცხენეობის მამასაც“ კი უწოდებდნენ. 1943-1950 წლებში მარკუზე მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელმწიფო უწყებაში, რაც მას დაეხმარა, ჩამოეყალიბებინა თავისი წიგნის „საბჭოთა მარქსიზმის“ ძირითადი კონცეფცია (1964). მარკუზეს ყველაზე ცნობილი შრომებია „ეროსი და ცივილიზაცია“ (1955) და „ერთგანზომილებიანი ადამიანი“ (1964). მისმა მარქსისტულმა კვლევებმა დიდი გავლენა მოახდინა მრავალ რადიკალ ინტელექტუალზე და პოლიტიკურ აქტივისტზე 60-70-იან წლებში როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მთელ მსოფლიოში.
“ესსე განთავისუფლებაზე” მარკუზემ 1969 წელს დაწერა. ამ წიგნში ავტორი ამტკიცებს, რომ უტოპიური სპეკულაციების დრო დადგა. ადამიანის თავისუფლების ტრადიციული წარმოდგენები მოძველდა განვითარებული ინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბებით. მარკუზეს მტკიცებით, თუნდაც წარმოება მუშების მიერ კონტროლდებოდეს და განისაზღვრებოდეს, საზოგადოება მაინც რეპრესიული იქნებოდა, თუ თავად მუშებს არ ექნებოდათ თავისუფალი ადამიანების მისწრაფებები. ნაშრომი ფილოსოფიური ანთროპოლოგიიდან ესთეტიკამდე იკვლევს ადამიანის განთავისუფლების ახალ შესაძლებლობებს.