საერთაშორისო კონფერენცია „ტოპოლოგიური მეთოდები ლოგიკაში VI“

2018 წლის 2-6 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ,,ტოპოლოგიური მეთოდები ლოგიკაში VI“.

კონფერენციის მიზანია, გამოკვეთოს ფილოსოფიის, მათემატიკისა და ლოგიკის სფეროებში ინტერდისციპლინური კვლევების შესაძლო კონტურები, ხელი შეუწყოს ლოგიკის ქართული სკოლისათვის ტრადიციული სამეცნიერო მიმართულების განვითარებას, კერძოდ, ზოგადი ტოპოლოგიის, ალგებრისა და მათემატიკური ლოგიკის ურთიერთკავშირების კვლევას, ასევე კვლევის გაღრმავებას დინამიკურ ეპისტემურ ლოგიკაში ტოპოლოგიური მეთოდების გამოყენების კუთხით, ხოლო ამ მიმართულებით ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი კვლევების დაგეგმვას.

(დინამიკური) ეპისტემური ლოგიკა წარმოადგენს ლოგიკის ერთ-ერთ აქტუალურ დარგს, რომელიც სწავლობს (ცვალებადი, ინტერაქტიული) ცოდნის კორპუსის ლოგიკურ კანონებს. შესაბამისად, ის გამოიყენება ისეთ თანამედროვე მიმართულებებში როგორებიცაა: შემეცნების თეორია, ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა და მულტიაგენტური სისტემები.

ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით სასურველია საქართველოში დინამიკური ეპისტემური ლოგიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელება როგორც მათემატიკური ლოგიკისა და ინფორმატიკის სპეციალისტებში, ასევე ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებში.

გარდა ამისა, არსებობს ეპისტემურ ლოგიკაში ქართველი მეცნიერების კვლევის კორპუსი, რომელიც ფართო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ჯეროვნად არ არის ცნობილი და რომლის პოპულარიზაციასაც ქართულ თუ საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში დაგეგმილი კონფერენცია ისახავს მიზნად.

დრო: 2-6 ივლისი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში.

 

Facebook